მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა შუამდინარეთში, მესოპოტამიის მიწაზე, ცათამბჯენი კოშკის, „ბაბილონის გოდოლის“ აშენება გადაწყვიტეს. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა მათ „ენა აღურია“ და მთელ დედამიწაზე გაფანტა. ბიბლიური ებერი ამ ბოროტებას განერიდა და გოდოლის მშენებლობაში მონაწილეობა არ მიიღო. არსებობს მოსაზრება, რომ ამის გამო მის მოდგმაში დასაბამისეული ენა, რომელზედაც კაცობრიობა აღრევამდე მეტყველებდა, პირვანდელი სახით შენარჩუნდა. ებერის შთამომავლობის ერთ-ერთ შტოს იბერნი ეწოდა, ხოლო ქალდეველ-იბერებში შენარჩუნებული ენა შუმერულის საწყისი გახდა.
შეძლეს თუ არა პროტოქართველებმა გაფანტვის შემდეგ თავიანთი ეთნიკური სახის შენარჩუნება, ისტორიკოსთა და ლინგვისტთა განუწყვეტელი ინტერესის საგანი იყო. მეცნიერები შუმერთა ცივილიზაციის კვალს დღემდე დაეძებენ. მკვლევართა ნაწილის მტკიცებით, შუმერთა შთამომავლები კავკასიაში სახლობენ.
ენათმეცნიერები წლების განმავლობაში სემიტურ, ინდო-ევროპულ, ჩინურ, თურქულ-მონღოლურ, ფინიკიურ ენებს შუმერულს ადარებდნენ, მაგრამ მათ შორის გენეტიკური მსგავსება არ დასტურდებოდა, ნათესაური კავშირი მხოლოდ ქართულ ენასთან გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ შუმერული ენა მორფოლოგიურ და სინტაქსურ მსგავსებას ქართულ, სვანურ-მეგრულ-ლაზურ-ჭანურ და კავკასიურ ენებთან იჩენს. ეს გენეტიკური კავშირი დადგენილ იქნა მიხეილ წერეთლის, ნიკო მარის, კრამარჟის, სეისის, კარსტის, ჰომელის, ბორკისა და სხვათა ხანგრძლივი კვლევისას. ამგვარივე მოსაზრებას ივანე ჯავახიშვილი კიდევ უფრო განავრცობს და მრავალმხრივი ფაქტიური მასალების მოშველიებით ასაბუთებს.
ამიერკავკასიის მკვიდრ მოსახლეობას, უპირველესად, ქართველებს, შუმერების შთამომავლებად მიიჩნევს ასევე აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. ჯანაშია ადასტურებს, რომ ცნობილ მეცნიერებს ფრ. ჰომელს, ედ. მაიერს, კიპერტს, ლემან-ჰაუპტს, ლენორმანს, აკად. ნ. მარს, აკად. ტურაევს და სხვებს არაერთხელ აღუნიშნავთ ქართველების შუმერული მემკვიდრეობა.
ქართველების შუმერულ წარმომავლობასთან დაკავშირებულ საკუთარ მიგნებებზე, ენობრივ და ლექსიკურ ასპექტებზე, საზოგადოება.გე-ს მთარგმნელი გულიკო პირველი ესაუბრება:
-ქალბატონო გულიკო, თქვენ დაინტერესებული ხართ ქართულ-შუმერული კავშირებით, სვანურ ენაში შუმერულ ფესვებს ეძებთ, გაძლევთ თუ არა თქვენი ძიება იმის თქმის საფუძველს, რომ ქართველებმა შუმერების შთამომავლებად ჩავთვალოთ თავი?
-კორიფეების კვლევების შემდეგ რა მეთქმის, მაგრამ ჩემი მხრივ, შევეცდები ამ საკითხში ტოპონიმიკის და ლექსიკის საშუალებით უფრო მეტი რწმუნებულება შევიტანო. აქცენტს სვანურ ენაზე ვაკეთებ, არა იმიტომ, რომ სვანურს ქართულიდან გამოვყოფ, უბრალოდ ქართულმა ენამ მეტი ტრანსფორმაცია განიცადა, ამის მიზეზი ბუნებრივია, მძიმე ისტორიული პროცესები გახლდათ. სვანური ენა პირვანდელი სახით გაცილებით უკეთ არის დაცული. დარწმუნებული ვარ, შუმერული სიტყვები მეგრულსა და სხვა კავკასიურ ენებშიც კარგად იქნება შემონახული, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ეს ენები არ ვიცი.
ამ საკითხზე ყურადღება მას შემდეგ გავამახვილე, რაც ქართველი მეცნიერის ეგნატე გაბლიანის ნაშრომი წავიკითხე. გაბლიანი ოცდაჩვიდმეტ წელს დახვრიტეს და მისი წიგნი აკრძალეს. მეცნიერი წერდა, რომ სვანები შუმერული წარმოშობის იყვნენ.
ცნობილია, რომ ამა თუ იმ ხალხის წარმომავლობის დასადგენად უპირველესი მნიშვნელობა ენათა მონათესაობას ენიჭება. საკმარისია შუმერული პოეზიის ცნობილი უბრწყინვალესი ნიმუში „გილგამეშიანი“ განიხილო, რომ შუმერულთან მსგავსება თვალნათლივ დაინახო. „გილგამეშიანი“, რომელიც „ძველ აღთქმას“ საუკუნეებით უსწრებს, გაგაოცებს ტოპონიმიკის, გრამატიკული კატეგორიების თანხვედრით ქართველურ, კერძოდ, სვანურ ენასთან. მესამე პირის დასტურის ნიშანი სვანურში-„ლი“, მიმღეობა, მეორე პირის ნიშანი- „ხი’“ იგივე „ქი“, სვანურის მრავლობითობის ნიშანი „არ“, „ალი“, მიმღობის ნიშანი-„ქა“ ყველგან ჩანს. გარდა ამისა, მსგავსებაა ჟღერადობის, ფონეტიკური შეხამების კუთხით. იდენტურია ასევე ფსიქოლოგიური ასპექტები, თუნდაც დატირების კულტურა.
ენა ცოცხალი არსებაა, იბადება, იზრდება, იცვლება და კვდება. მიუხედავად დიდი ცვალებადობისა, სვანურ ენაში შუმერული სიტყვები გასაოცრად არის შენარჩუნებული.
წიგნის სახელწოდება „გილგამეშიანი“ ამავე ნაწარმოების მთავარი გმირის სახელს უკავშირდება. ძველ ენებში საკუთარი სახელების უმრავლესობა შედგენილია და მეორე ნაწილი პირველის განსაზღვრებას წარმოადგენს. გილგა, გიგა, გიგლა და ა. შ. საქართველოში კარგად გავრცელებული სახელებია. „მეშიალ“ -სვანურად „მებრძოლს“ ნიშნავს. გილგამეში საოცარი ძალის მქონე მებრძოლი იყო. სახეზე გვაქვს მცირე ფონეტიკური ცვლილება და აბსოლუტური აზრობრივი თანხვედრა.
შუმერულ ეპოსში ნახსენები ღმერთების, ქალღმერთების და ტოპონიმიკური სახელწოდებები სვანურ ენასთან ბევრ მსგავსებას ამჟღავნებს. მაგალითად:
„ენლილე“ შუმერთა ღმერთი -სვანური სიმღერა „ლილე“, მზის სადიდებელი.
„ ნიდაბა“-ყანების ქალღმერთი -სვანურად „დაბ“-ყანა. „ნი“ თავსართი, იგივე „დი“-მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი.
„არურუ“ -დემონი შუმერულში-„არურუ“ დემონის განსადევნელი უძველესი შელოცვის დასაწყისი სვანურში.
„იშთარი“ -შუმერულში ქვესკნელი ქალღმერთი -სვანურად „იშთხარ-თხრა.
„აზიგ“-უკურნებელი სენის დემონი შუმერულში- სვანურში „ზიგ“ ჭირი.
„ლაგაშ“ შუმერში ადგილის სახელწოდება -სვანურად „ლაგაშ“ ფეხის დასადგამი ადგილი.
„ნამთარი“- შუმერულში ბედისწრის მაუწყებელი-სვანურად „ნამთარი“ იგივეა, რაც, ნაწინასწარმეტყველევი.
„აქადი“ შუმერულად მაცდუნებელი, სვანურად „აქადი“- აცდენს, მ-ქადნე- მაცდუნებელი.
„დალი“- ავდრისა და ჭექაქუხილის ღმერთი შუმერში, „დალი“-სვანურში ნადირობის ქალღმერთი.
„გათ-უმდუგი“ ქალღმერთი შუმერში- „უმდაგ“- ჩაუმქრალი, უკვდავი სვანურში.
„გორო“ -საზომი ერთეული შუმერულში -„გორ“ ღვინის საზომი ერთეული ქართულში და სვანურში.
„ნანარი“ შუმერების ქალღმერთი – „ნანარი“ სოფელი ქვემო სვანეთში.
„უთუ“- შუმერთა მზის ღმერთი – სვანურად „ათუ“-ცხელი.
„უმა“ -შუმერული ქალაქი -სვანურად „უმა“-მწირი
ქალაქი „ური“ შუმერის ჩრდილოეთ ნაწილში-სვანურში „ური“-უმწიფარი.
„ცერი“- ადგილი სახელწოდება შუმერში, „ეცერი“ სოფელი სვანეთში.
„ზაგარ“ შუმერულში ადგილის სახელწოდება, სვანურში „ზაგარ“- ზეგანი.
ლუხალი-გილგამეშის მოძღვარი, -ლუმხალ-შეგნებული, მცოდნე სვანურში.
„მელამ“- შუმერულად მომაკვდინებელი გაელვება, „მელამ“- მხრჩოლავი კვამლი სვანურად.
„ირმინი“-ქალღმერთი შუმერში-სვანურად „ირინი“- ნათდება.
„ხუმბაბა“ ტყის მცველი, შუმერში, -„თხუმ ბაბა“ -თავკაცი სვანურში.
„მაშგურ“- შუმერში დაუდგენელი ჯიშის ხე, სვანურად “მაშგურ“ უსაყრდენო.
„ბაბა“ შუმერული ღმერთი- „ბაბა“ სვანურად პაპა.
„ლახამუ“ და „ლახმუ“- პირველშექმნილი წყვილი, როგორც ადამი და ევა, „ლახამუ“ და ლახმუ“ სოფლები სვანეთში.
„ლამარი“-ქალღვთაება, -„ლამარია“ სვანურად- ღვთისმშობელი.
„თიამათი“- ზღვა, ქაოტური წყლები შუმერულად, ქართულად ყიამეთი.
„მაგვენა“ ტაძარი შუმერში-„მაღვენა“- ქონება
„მამი“ ქალღმერთი შუმერში, „მამი“-სოფელი სვანეთში.
„ზუ-ლუმარი“ -ღმერთი შუმერში-„ლუმარ“ -მზად მყოფი სვანურში.
„ლარიგ“ შუმერის ქალაქი- „ლარაგ“-დასაყოვნებელი ადგილი.
„სუბართუ“ შუმერულად ხურიტების ქვეყანა- „სუბარი“-უძველესი სვანური გვარი.
ამ მომცრო წიგნიდანაც კი უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ეს არასრული ჩამონათვალია, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი არის შუმერული ეპოსის მთავარი გმირის სახელი „უ-თანაფ-შითი“, მას ღმერთებისგან ერთადერთს აქვს მინიჭებული უკვდავება. გილგამეში უთანაფშითს დაეძებს. ამ სიტყვის ძირი „თანაფ“ სვანურში „აღდგომას“ ნიშნავს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სვანები „თანაფ“-ს ეძახიან. ჩემი აზრით, აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გასაღები.
ზურაბ კიკნაძის და სხვა ქართველი მთარგმნელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნაწარმოებში ბრწყინვალედ არის შენარჩუნებული ტოპონიმიკის აღმნიშვნელი სიტყვები და სხვა სახელწოდებები.
მაშინ, როდესაც ენა ძალიან ცვალებადია, თანხვედრის ამგვარი უამრავი მაგალითები მოწმობს იმას, რომ ქართველები უძველესი, კაცობრიობის აკვნად წოდებული შუმერული ცივილიზაციის ნარჩენი ერი ვართ, სხვადასხვა ისტორიული კატაკლიზმების გამო ნელ-ნელა ჩრდილოეთისკენ გადმოხვეწილები. ჩვენ შუმერები ვიყავით და ამის დამადასტურებელი ნიშნები, როგორც გითხარით, სვანურ და სხვა ქართველურ ენებში მრავლად არის შემორჩენილი.