საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილავს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები 20 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.
“საარჩევნო კოდექსსა“ და მასთან ერთად პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს.
უფრო კონკრეტულად, პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5-წლის ვადით დაიწყებენ.